English / ქართული / русский /
ლაშა ტაბატაძე
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები, სარგებელი და წინაღობები

ანოტაცია. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში, როგორც წესი, ნედლი (ბუნებრივი) რესურსების მოპოვება, მათი პროდუქტად გარდაქმნა და განკარგვა ხორციელდება. ცირკულარული ეკონომიკა კი პირიქით, მიზნად ისახავს აღმოფხვრას ის უფსკრული, რომელიც წარმოიშობა წარმოებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების ციკლებს შორის, კერძოდ, სხვადასხვა საწარმოო ნარჩენების (ბიოდეგრადირებადი) ნარჩენების კომპოსტირებას ან, თუ ეს ტრანსფორმირებული და არაბიოდეგრადირებადი ნარჩენებია, მათ ხელახლა გამოყენების, ხელახალი წარმოებისა  და მათი სპეციალური გადამუშავების გზით. ეს მიდგომა ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოში, დღეის მდგომარეობით არსებულ იმ მთავარი გამოწვევის ხელშეწყობას, როგორიც არის ბუნებრივი სისტემების რეგენერაცია, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, განახლებად ენერგიებზე ფსონის დადება. სტატიაში განხილულია, ცირკულარული ეკონომიკის როლი და მნიშვნელობა, მისი ზეგავლენა ეკოსისტემებზე. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე (აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი, იაპონია, ავსტრალია), გაანალიზებულია ცირკულარული ეკონომიკის ზეგავლენა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე. წარმოდგენილია მნიშვნელოვანი დასკვნები, რეკომენდაციები და სხვა.

საკვანძო სიტყვები:  ცირკულარული  ეკონომიკა, მწვანე  ეკონომიკა. 

შესავალი

აღსანიშნავია, რომ დღეს სულ უფრო და უფრო მატულობს ცირკულარული ეკონომიკის როლი და მნიშვნელობა. კლასიკური განმარტებით, ცირკულარული ეკონომიკა ეს არის ინდუსტრიული სისტემა, რომელიც აღდგენითი ან რეგენერაციული დატვირთვისაა თავისი არსითა და შინაარსით და გამორიცხავს წარმოების მთელ ციკლში ტოქსიკური ქიმიკატების წარმოშობასა და გავრცელებას, რომლებიც ხელს უშლიან ეკოლოგიურად სუფთა კვლავწარმოების პროცესს და არღვევენ ბიოსფეროში არსებულ ბუნებრივ ეკობალანს. ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია სამრეწველო ნარჩენების შეკვეცა, საშიში ნივთირებებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირება და კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანა. ევროკავშირი ცირკულარულ ეკონომიკას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას რესურსებით ღარიბი ევროპისთვის ჰქონდეს წვდომა სასიცოცხლო რესურსებზე, შეინარჩუნოს გლობალური კონკურენტუნარიანობა და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის გარემო ევროპასა და მსოფლიოში. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა წარმოებისა და მოხმარების მეთოდების ძირფესვიან ცვლილებას მოითხოვს. ცირკულარულ ეკონომიკაში პროდუქტი იმგვარად იქმნება, რომ იყოს გამძლე, შესაძლებელი იყოს მისი განახლება, შეკეთება და ხელახლა გამოყენება. ამასთანავე, გათვალისწინებულია მის დასამზადებლად გამოყენებული მასალების ხელახალი გამოყენება მას შემდეგ, რაც ისინი მათი სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპს მიაღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ ცირკულარული ეკონომიკა შინაარსობრივად  და თვისებრივად უპირისპირდება არსებულ წრფივ (ხაზოვან) ეკონომიკას. მოიპოვე, აწარმოე, მოიხმარე და გადააგდე – სწორედ ეს არის დღეს არსებული წრფივი (ხაზოვანი) ეკონომიკის მოდელი, რომლის განხორციელების შედეგად რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი (რაოდენობა) იკარგება. 

ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები

როგორც წესი, ცირკულარული ეკონომიკის მოდელი მიზნად ისახავს ნარჩენების აღმოფხვრას. სინამდვილეში, მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ემყარება იმ აზრს, რომ წარმოების პროცესში ნარჩენები არ უნდა არსებობდეს. ამ მიზნის მისაღწევად, რესურსები მიზანმიმართულია ხანგრძლივი საწარმოო პროცესისათვის და ოპტიმიზებულია დაშლისა და ხელახალი გამოყენების ეტაპებისათვის, რაც გააადვილებს მათ დამუშავებას, კონვერტაციასა და განახლებას. მეორე პრინციპის მიზანია რესურსების გადამუშავების ოპტიმიზაცია პროდუქციის, კომპონენტებისა და მასალების მიმოქცევაში, რომლებიც შემდგომ ეტაპებზე გამოყენებული იქნება როგორც ტექნიკურ, ასევე ბიოლოგიურ ციკლებში. ცირკულარული ეკონომიკის მესამე პრინციპი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ შემცირდეს მხოლოდ საწყის საწარმოო რესურსებზე დამოკიდებულება და გაზარდოს სისტემის მდგრადობა. აღნიშნული მოიაზრებს წარმოების პროცესის იმგვარად წარმართვას, რომ შესაძლებელი გახდეს  უარყოფითი გარეგანი ეფექტების მინიმიზირება და მათი ადმინისტრირების სრულყოფა [1, 7-9] (იხ. სურათი 1). 

სურათი. 1

  

მაშასადამე, ცირკულარული ეკონომიკა არის თანამედროვე ეკონომიკის ის მოდელი, რომელიც არის რეგენერაციული კონცეფციის მატარებელი და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს წარმოების პროცესში რესურსების ეფექტურობა, გახადოს სფერო უფრო მდგრადი, ებრძოლოს ეკონომიკურ არასტაბილურობას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს კლიმატის ცვლილებამ ბიზნესისთვის. ამდენად, მას აქვს როგორც ოპერაციული, ასევე სტრატეგიული უპირატესობები როგორც ეკონომიკურ, ასევე გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში. ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთი მიზანია არსებულ ეკოსისტემებზე დადებითი ზემოქმედება და ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებულ ექსპლუატაციასთან ბრძოლა. მას აქვს პოტენციალი შეამციროს სითბური გაზების ემისიები და ნედლეულის გამოყენება, ოპტიმიზაცია გაუწიოს პროდუქტიულობას და შეამციროს ე.წ. ხაზოვანი მოდელის მიერ მოტანილი სასოფლო-სამეურნეო უარყოფითი გარეგანი  ზემოქმედება. მისი უპირატესობებია:

  • განახლებადი ენერგიის გამოყენება, რომელიც გრძელვადიან  პერსპექტივაში გარემოს არ აბინძურებს, წარმოებაში გამოყენებულ ბუნებრივ საწვავთან შედარებით;
  • ხელახალი გამოყენებისა და დემატერიალიზაციის წყალობით, კარგი და ფუნქციური პროდუქტების  უზრუნველსაყოფად, ნაკლები  მასალისა და  წარმოების პროცესის საჭიროება;
  • საწარმოო ნარჩენები  განიხილება, როგორც  ღირებული და ისინი  შეიწოვება (ხდება მათი სრული ათვისება)  მაქსიმალურად, რათა  ხელახლა  გამოიყენონ  პროცესში;
  • სათანადოდ შერჩეული შესაბამისი საწარმოო პროცესები და არჩევანის გაკეთება ენერგოეფექტურ  და  არატოქსიკურ  მასალებზე.

აღსანიშნავია და ყურადღებას იპყრობს ის ბოლო კვლევები, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის შესწავლას დაეთმო. როგორც ელენ მაკარტურის ფონდის კვლევამ ცხადყო, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების გზამ შესაძლებელია გაანახევროს ნახშირორჟანგის ემისიები 2030 წლისთვის 2018 წლის დონესთან შედარებით, რაც უდავოდ დიდი მიღწევა იქნება [2,12-13]. იგი უზრუნველყოფს ნიადაგში მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაბრუნებას ანაერობული პროცესების ან კომპოსტირების გზით, რაც არბილებს მიწისა და ბუნებრივი ეკოსისტემების ექსპლუატაციას. ამ გზით, როდესაც „ნარჩენები“ უბრუნდება ნიადაგს, გარდა იმისა, რომ ნაკლები პრობლემებია  მოსაგვარებელი, ნიადაგი ხდება უფრო ჯანსაღი და ელასტიკური, რაც უზრუნველყოფს მის გარშემო არსებულ ეკოსისტემებში უფრო მეტ ბიოწონასწორობას. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ ნიადაგის დეგრადაცია (გამოფიტვა) ყოველწლიურად ჯდება დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარი მსოფლიოში და აქვს ფარული ხარჯები, როგორიცაა სასუქის მოხმარების გაზრდა, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, უნიკალური ლანდშაფტების დაკარგვა და სხვა. ამ მხრივ, ცირკულარული ეკონომიკა მართლაც უნიკალურია, როგორც ნიადაგისთვის, ასევე ეკონომიკისათვის მთლიანობაში. ელენ მაკარტურის ფონდის კვლევის თანახმად, ევროპის კვების სისტემებში მომუშავე ცირკულარული ეკონომიკის მოდელს აქვს პოტენციალი, შეამციროს ხელოვნური სასუქის გამოყენება 80%-ით და, შესაბამისად, ხელი შეუწყოს ნიადაგის ბუნებრივ ბალანსის აღდგენას. შედარებითი ანალიზით ირკვევა, რომ ნედლეულის მოპოვებისთვის, რომელიც გავრცელებულია ე.წ. ხაზოვანი მიდგომით, წრიული ეკონომიკის მოდელს აქვს პოტენციალი, გამოიწვიოს მასალის უფრო დიდი (70%-მდე) ოდენობის დანაზოგი. იმის გათვალისწინებით, რომ მასალებზე მთლიანი მოთხოვნა გაიზრდება მსოფლიო მოსახლეობისა და საშუალო ფენების ზრდის გამო, ცირკულარული ეკონომიკა იწვევს მატერიალური საჭიროებების შემცირებას და ფოკუსირებულია მასალების ციკლის გახანგრძლივებაზე. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  (WEF) კვლევების მიხედვით, ცირკულარული ეკონომიკის მოდელის შემუშავებამ შესაძლებელია უფრო მეტი ადგილობრივი დაასაქმოს საწყისი დონისა და ნახევრად კვალიფიციურ სამუშაოებში. ExTax-ის საგადასახადო დასკვნაში, რომელიც შედგენილია რამდენიმე წამყვანი საკონსულტაციო ფირმის სპეციალისტების მიერ, აღნიშნულია ცირკულარული ეკონომიკის პოტენციალის შესახებ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 50,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება შეიქმნას დიდ ბრიტანეთში, 54,000 ნიდერლანდებში და დიდია პოტენციალი ანალოგიები განხორციელდეს ევროპასა სხვა ქვეყნებშიც [3, 4-5].

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ცირკულარული ეკონომიკის დიდი მნიშვნელობისა, მისი სწრაფი განვითარება რიგი მიზეზებით ფერხდება. ამის მიზეზებია:

  • სოციალური და გარემოსდაცვითი გარე ფაქტორები არ არის გათვალისწინებული ფასებში;
  • მეორეული რესურსები არ არის კონკურენტუნარიანი;
  • ინვესტორების უმეტესობა კვლავ მუშაობს ე.წ.ხაზოვანი ეკონომიკის ლოგიკით და ზოგჯერ საჭიროა წინასწარი ინვესტიციები;
  • მოთხოვნა წრიულ პროდუქტებზე და ალტერნატივებზე ჯერ კიდევ მცირეა;
  • ჯერ კიდევ არ არის სათანადო რაოდენობის კვალიფიციური პროფესიონალი პერსონალი, რომლებსაც აქვთ ტექნიკური ან „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ (ICT) ცოდნა და  სხვა [1, 15-16]. 

დასკვნა

ცირკულარულ ეკონომიკაში ახალი პროდუქტები იმგვარად არის შემუშვებული და დამზადებული, რომ ახალი ნედლეულის მოხმარება და ნარჩენების წარმოქმნა შემცირდეს. შესაბამისად გამოიყენება ახალი ბიზნესმოდელები და სტრატეგიები, რომლებიც სიმძლავრის მოხმარების ოპტიმიზაციას ახდენს და პროდუქტების ექსპლუატაციის პერიოდს ახანგრძლივებს. სასიცოცხლო ციკლის ბოლო ეტაპზე გადასული პროდუქტებისა და მასალების გადამუშავებით მათი ციკლები იკვრება. ცირკულარული ეკონომიკა გვთავაზობს საშუალებებს, რომლებიც მომავალში ფართო მოხმარების საგნების არაპროგნოზირებადი მიწოდებისა და ფასების ცვალებადობის მიმართ მოქნილობას გაზრდის და უზრუნველყოფს ასეთი რისკების დივერსიფიცირებას. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც საქმე ეხება ცირკულარული ეკონომიკის განხორციელებას და განვითარებას, შეიძლება საჭირო გახდეს მრავალი განსხვავებული ბარიერის გადალახვა, როგორიც არის:

  • დღევანდელი ეკონომიკური სისტემა ორიენტირებულია ე.წ. ხაზოვანი ეკონომიკის მოთხოვნილებებზე და  ჯერ  არ  არის  მზად წრიული ეკონომიკის მეწარმეებთან კომუნიკაციისა­თვის;
  • ახალი ბიზნესმოდელების განხორციელება და განვითარება შეიძლება რთული იყოს კანონებისა და  რეგულაციების გამო, რომლებიც არ  არის მომზადებული  ამ ტიპის ინოვაცი­ებისთვის;
  • ბევრი ბიზნესი ეყრდნობა ძველ და/ან ძლიერ ალიანსებს, რაც ართულებს ახალი ალიანსების შექმნას;
  • ბევრ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს მიზნები და შეფასების სისტემები, რომლებიც ფოკუსირებულია მოკლევადიანი ღირებულების შექმნაზე, მაშინ როცა ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არის  გრძელვადიანი  ღირებულების  მატარებელი;
  • მშპ არ ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით გარე ფაქტორებს, რაც ხელს უშლის ღირებულების შექმნას. 

გამოყენებული  ლიტერატურა

  1. Ellen MacArthur Foundation (EMF), 2013b. Towards the Circular Economy, vol.1. Isle of Wight;
  2. Ellen MacArthur Foundation (EMF), 2014. Towards the Circular Economy vol.3.Isle of Wight;
  3. European Commission, 2014. Towards a Circular Economy: A Zero WasteProgram for Europe, Communication from the Commission to theEuropean Parliament, the Council, the European Economic and SocialCommittee and the Committee of the Regions. European Commission,Brussels;
  4. https://www.worldbank.org, წლიური ანგარიში - 2021, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  5. https://www.ebrd.com, მიმდინარე ანგარიშები, 2021, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  6. https://www.wto.org, წლიური ანგარიშები, 2021, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  7. https://www.europarl.europa.eu, სტატიები, 2021, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  8. https://eeas.europa.eu, სტატიები და ანგარიშები, 2021, ბოლო  გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  9. https://www.nytimes.com,  სტატიები და ანგარიშები, 2021, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  10. http://reports.weforum.org, ბოლო გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  11. https://ellenmacarthurfoundation.org, ბოლო  გადამოწმება 14 მარტი, 2022;
  12. https://ex-tax.com, ბოლო გადამოწმება14 მარტი, 2022.